სიახლეები

news imagesnews images

27

დეკ

2024

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის“ თაობაზე დარგის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას „საქართველოს რკინიგზის“, „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“, „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის“  წარმომადგენლები და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩართული დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა დარგის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სააგენტოს მიერ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და ახალი, მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესახებ. 

სტუმრები დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის“ შესახებ. განხილული იქნა წესით განსაზღვრული საკითხები, სარკინიგზო საწარმოების სერტიფიცირებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების ავტორიზაციისთვის გათვალისწინებული საკანონმდებლო მოთხოვნები. საუბარი შეეხო, ასევე, მატარებლის მემანქანეებისთვის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს და რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ახალ წესებს. 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  კითხვა-პასუხის ფორმატში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების და მათგან გამომდინარე პირობების თაობაზე. 

ცნობისთვის, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმა 2023 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ახალი მარეგულირებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებას. რეფორმის ფარგლებში მიღებული ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად ამოქმედდება, სრულად შეესაბამება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის დირექტივებსა და რეგულაციებს.